დღეს შესაძლებლობა მოგვეცა, გვესაუბრა მიღწევებზე, ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის , -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც მმართველმა გუნდმა შეინარჩუნა, განამტკიცა სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე არც ეკონომიკური განვითარება იქნება, არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და საერთოდ, ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ჩვენს ქვეყანას.
"დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო მეგობრებო, დეპუტატებო, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი ანგარიშის მოსმენისთვის. მე ვფიქრობ, მიუხედავად ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის მცდელობისა, მათი პროვოკაციებისა, საინტერესო დღე გვქონდა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს, ჩვენს დეპუტატებს, პარლამენტს ჩავაბაროთ ანგარიში, გვესაუბრა იმ მიღწევებზე, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგები, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. რჩება ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობის კვლავაც მაღალი დონე, სხვა გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის გამთლიანებას, გაერთიანებას. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ასევე, მოსალოდნელ შედეგზე, რომელზეც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით და ვმუშაობთ.
მთლიანობაში, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, არც ეკონომიკური განვითარება იქნება, არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და საერთოდ, ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.