ღარიბაშვილის რიტორიკაც და „რუსული ოცნების“ ქმედებებიც დაფუძნებულია ტყუილზე, ძალადობასა და სიძულვილზე - გუშინაც ვნახეთ, რომ პუტინისტური ბანდიტოკრატიის ბიუროკრატიული ბანდიტები ამჯერად პენსიონერებს მიუქსიეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა როგორც პრემიერის გუშინდელ მოხსენებას, ასევე კასპში მომხდარ დაპირისპირებას.
მისი თქმით, ყველაფერი ეს ქვეყნის რუსული მეთოდებით მართვის მცდელობა, „რაც ივანიშვილს არ გამოუვა“.
„ღარიბაშვილის რიტორიკაც და „რუსული ოცნების“ ქმედებებიც დაფუძნებულია ტყუილზე, ძალადობასა და სიძულვილზე. ეს არის სამი მთავარი შემადგენელი ელემენტი „რუსული ოცნების“ პოლიტიკის. გუშინაც ვნახეთ, რომ პუტინისტური ბანდიტოკრატიის ბიუროკრატიული ბანდიტები მიუქსიეს ამჯერად პენსიონერებს, რომლებიც იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე. მას შემდეგ, რაც ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე, ახლა ბიუროკრატიული ბანდიტების გამოყენებით პენსიონერებზე თავდასხმასაც არ ერიდებიან. ეს არის ქვეყნის რუსული მეთოდებით მართვის მცდელობა, რაც ივანიშვილს არცერთ შემთხვევაში არ გამოუვა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.