ცინიზმი, ტყუილი, ხალხის დაცინვა და დამცირება - ეს არის ის, რაც მთავარ ხაზად გასდევდა პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო ანგარიშს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალური უსამართლობის პარალელურად, მთავარი პრობლემაა „რუსული ოცნების“ მიერ საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნების მცდელობა.
„ცინიზმი, ტყუილი, ხალხის დაცინვა და დამცირება - ეს არის ის, რაც მთავარ ხაზად გასდევდა პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო ანგარიშს.
“უმუშევრობის დონე და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა” - თქვა ღარიბაშვილმა და საინტერესოა, ვის მოიაზრებს ამ ფრაზის ადრესატად: ხალხს თუ საკუთარ ოჯახსა და ნათესავებს?
თუმცა, ღარიბაშვილი, 100 ათას ევროიანი მანქანიდან, როდესაც მაჯაზე ნახევარი მილიონის ღირებულების საათები უკეთია და სახელმწიფოსგან მეუღლისთვის ნაჩუქარ ტყეში აშენებულ ფეშენებელურ ვილაში ისვენებს, ხოლო მისი ნათესავები მილიონიან ტენდერებს “იგებენ”, ხალხის გაჭირვებას ვერ ხედავს.
ამავე დროს, სოციალური უსამართლობის პარალელურად, მთავარი პრობლემაა „რუსული ოცნების“ მიერ, საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნების მცდელობა, რომელიც ანტიქართულ, ანტიევროპულ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებში გამოიხატება და რომლითაც საფრთხე ექმნება ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
შესაბამისად, ხალხის გაღარიბებისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო პოლიტიკა უნდა დასრულდეს. შეგვიძლია ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება და ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან, ევროკავშირის წევრ საქართველოში, სადაც დაცული იქნება ჩვენი თვითმყოფადობა, ტრადიციები და საზღვრები“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.