ბოლო დროს ვაკვირდებით ტენდენციას, როდესაც პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების შეზღუდვა ორგანული კანონებით ხდება - ეს ტენდენცია შეიმჩნევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მსხილაძის შეფასებით, მმართველი უმრავლესობის ინიციატივით “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის როლს ამცირებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიც არის ეროვნული ბანკი და ცენტრალური საარჩევნო კომისია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, არ შეიძლება მათ საქმიანობაში ჩარევა ისეთი გზით მოხდეს, რასაც ახლა ვაკვირდებით, როცა ცესკოს თავმჯდომარე შეიძლება არჩეული იყოს ერთპარტიული ნიშნით.
“ეუთო-ოდირი და ვენეციის კომისია რეკომენდაციებში მოგვიწოდებს და პირდაპირ გვეუბნება, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არაპარტიული წევრების არჩევა კონსესუსის გზით მოხდეს. ასევე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შუალედური ანგარიშის მიხედვით პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსესუსის გზით იყოს არჩეულიყო“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკანგადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: - ერთი მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორე მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.