გიორგი მსხილაძე - ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, თუ როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება ერთპარტიულზე უარესი იყოს

ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, თუ როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება ერთპარტიულზე უარესი იყოს - ვენეციის კომისიის დასკვნაც და ევროკომისიის შუალედური ანგარიშიც მიუთითებდა, რომ ეს ცვლილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიაც და ევროკომისიაც მიუთითებს, რომ ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შესაძლოა, იყოს შემაფერხებელი ფაქტორი რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„იცით, რომ შემოთავაზებული იყო კომპრომისული ვარიანტი, რის პრეცედენტიც საქართველოს პარლამენტში უკვე იყო, როცა სახალხო დამცველი აირჩა 90 ხმით. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და დამაჯერებელი ახსნა, თუ როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს უარესი, ვიდრე ერთპარტიული გადაწყვეტილება და დანიშვნა ცესკოს თავმჯდომარის, როცა ვენეციის კომისიის დასკვნაც და ევროკომისიის შუალედური ანგარიშიც მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული და ეს შეიძლება შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს,“ - განაცხადა მსხილაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება