შალვა პაპუაშვილი ვეტოს დაძლევისას დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით რაქვიაშვილის განცხადებაზე - თუ დათვლა გინდათ, თვითონ გადათვალეთ, ფილმის არ იყოს, თავი მიათვალეთ თუ არა, ეს არის საინტერესო

პოლიტიკური ჯგუფ “გირჩის“ ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა.

“გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კენჭისყრის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და ხმების გადათვლა მოითხოვა.

“მინდა პარლამენტის თავმჯდომარესა და მანდატურთუხუცესს მივმართო: - მგონი იქეთ (უმრავლესობის მხარეს) 76 ხმა არ არის და თუ შეიძლება გადათვალეთ. გთხოვთ დარბაზში 76 დეპუტატი გადათვალოთ. დარბაზში 72 დეპუტატია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

“თუ დათვლა გინდათ, თქვენ თვითონ გადათვალეთ. ცნობილი ფილმისა არ იყოს, თქვენი თავი მიათვალეთ თუ არა, ეს არის საინტერესო“, - მიმართა რაქვიაშვილს შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც საკითხს შესასწავლად მანდატურთუხუცესს გადასცემს. მანდატურთუხუცესი საკითხს შეისწავლის და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად ხმების გაყალბება დადასტურდა, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა კენჭისყრის საბოლოო შედეგს ცვლის.

დღეს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დასძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს