საქართველოს NATO-ს სამიტზეც კი აღარ იწვევენ - დღეს ამ მაგიდასთან საქართველოს არყოფნა ამ ერის ისტორიის ღალატია. მაშინ როდესაც მსოფლიოს ახალი ისტორია იწერება, საქართველო აღარსად ჩანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების სრულ და საბოლოო რუსიფიკაციას აკვირდება და ამ ფონზე, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავრობას მთავარ მაგიდასთან აღარავინ მოელის.
„2023 წელს, რუსეთ-უკრაინის ისტორიული ომის მსვლელობისას, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების ახალ რეალობას ქმნის, საქართველოს NATO-ს სამიტზეც კი აღარ იწვევენ. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო თავის ტრადიციულ პოზიციებს კარგავს.
NATO-ს ლიდერებმა გასულ წლებში სრულიად ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ადეკვატურად აღარ ახორციელებს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმებს. ამავე დროს, აშშ, NATO და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების სრულ და საბოლოო რუსიფიკაციას აკვირდება. ქართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - 31%.
ამ ფონზე, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავრობას აღარავინ მოელის მთავარ მაგიდასთან. მაგრამ, დღეს ამ მაგიდასთან საქართველოს არყოფნა ამ ერის ისტორიის ღალატია. მაშინ როდესაც მსოფლიოს ახალი ისტორია იწერება, საქართველო აღარსად ჩანს“, - განაცხადა გეგელიამ.