ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში რუსულ ოკუპაციაზე ჩანაწერი დაემატა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში რუსულ ოკუპაციაზე ჩანაწერი დაემატა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია კანადაში ტარდება, სადაც საქართველოს დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

„30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, კანადაში, ქ. ვანკუვერში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ტარდება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტს თავმჯდომარეობს, რომლის სხდომებიც 1-3 ივლისს გაიმართა.

კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა რეზოლუციას „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“.

სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა ინიციატივა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაწერილიყო შემდეგი პუნქტი: „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც განპირობებულია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციით, ქართული კვალის წაშლით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი სახეცვლილებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც თავის მხრივ, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის უშუალო შედეგს წარმოადგენს“.

კომიტეტის წევრებმა რეზოლუციაში ამ პუნქტის დამატებას მხარი ერთხმად დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს