ვიტყოდი, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
მისი თქმით, პოზიცია რაც დაფიქსირდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„საქართველოში ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ აწამებს და არავინ კლავს. ამაზე გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც ვერ დაინახა უფლებების დარღვევა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. იმიტომაც არის, რომ ამ თემას საქართველოში დიდი პროტესტი არასდროს მოჰყოლია. საზოგადოება ხედავს, მიხეილ სააკაშვილს თუკი რაიმე დახმარება სჭირდება სამედიცინო თვალსაზრისით, ეს დახმარება მას მიეწოდება და პრობლემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში იგი უარს ამბობს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ ფონზე როცა ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საქართველოს ელჩმა უნდა დატოვოს უკრაინა, ბუნებრივია, ეს უსამართლობის განცდას იწვევს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ალბათ ის, რომ ეს არის ომის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო და ჩვენ ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”, - განაცხადა კახიანმა.