ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა

რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან, მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობას ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა და საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს და ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, თუმცა, დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები ამ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად მოგახსენებთ, რომ ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა.

გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე დღევანდელი, ახალი მოცემულობით მაგალითად თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი, არა მარტო მინისტრები, ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ანუ, ყოველთვიურია უკვე ინტერპელაციები, რომლებიც შემოღებულია რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პირველ რიგში ოპოზიციის ხელში, თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციით შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში.

„მაგალითად, ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა მინისტრს. ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა დაუშვებელია; საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითისთვის, დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი, ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, შემცირდა პასუხის გაცემის ვადები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე, აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა - ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე რეგლამენტში დაიხვეწა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე და ესეც დაზუსტდა, სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში. ანუ, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა და პრაქტიკაზე დადებითად აისახება.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება, რაც პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. თქვენ გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ა.შ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. დაახლოებით ერთ საათში კენჭისყრის დასრულებიდან, 20 საათზე სრულდება კენჭისყრა როგორც მოგეხსენებათ, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ხარჯების წლიური ზედა ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, აქაც გავყევით ოდირის რეკომენდაციებს, გაორმაგდა ჯარიმები, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ასევე დადგინდა ხანდაზმულობის ახალი ვადები ასევე ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება, ყველა წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე საარჩევნო კოდექსში. ასევე საუბნო კომისიის ხელმძღვანელობა აირჩევა საოლქო კომისიის მიერ, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც შესრულდა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, რაც იყო ასევე ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

„გადათვლას რაც შეეხება, აქაც ავტომატური გადათვლა იქნა შემოღებული, დისბალანსების შემთხვევაში, თუ დისბალანსი აღემატება, 5 ბიულეტენს, ან არის, -10 ბიულეტენი ამ შემთხვევაში ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი. არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის სადაც არ ვრცელდება ელექტრონული კენჭისყრა. მარკირება შემოღებული იქნება, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას, ესეც არის მნიშვნელოვანი სიახლე და დაკვირვების ნაწილში დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს, მაშინაც როდესაც არ არის საარჩევნო პერიოდი - ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. ანუ, საარჩევნო რეფორმის კუთხითაც ხედავთ რომ არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული და მე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც - დამტკიცდა 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს

„საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია დამტკიცდა, 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს, ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, მეორე პრიორიტეტი მოიცავდა, სამ პრიორიტეტს და ყველა მიმართულებით არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული. საკმაოდ ინკლუზიური იყო ეს პროცესი, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ეს ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან.

„შემდეგი პრიორიტეტი ეს არის სასამართლო სისტემის საკითხები. პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იურიდიული კომიტეტი მუშაობდა ამ საკითხზე. ჩვენ ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას თავის დროზე, საკუთარი დოკუმენტი წარმოედგინა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩართულობა ამ პროცესში მათი მხრიდან იყო საკმაოდ სუსტი, ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მათგანს წარმოედგინათ საკუთარი სტრატეგია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ერთადერთი იყო თუ სწორად მახსოვს პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი. საბოლოო ჯამში დაახლოებით, ას გვერდიანია ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა იურიდიულმა კომიტეტმა, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან. რაც შეეხება ორგანულ კანონში ცვლილებებს, აქ მრავალი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები, დაიხვეწა დამატებით უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურა, ასევე იგივე სტანდარტით დადგინდა, პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, ესეც იყო, ვენეციის რეკომენდაციის ერთ -ერთი რეკომენდაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო აქტების გასაჯაროების კუთხით, საჯარო ინფორმაციის სტანდარტით გასაჯაროების კუთხით, ასევე დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების, წევრობის კანდიდატების გაზრდილი ანგარიშვალდებულების წესი და ასევე შემოღებული იქნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებისთვის ეფექტიანი გასაჩივრების წესი, რაც ასევე ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.

„განახლდა რეგულაციები ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც უკავშირდება მოსამართლეთა მივლინებას, გადაყვანას, ასევე მოსამართლეთა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ასევე მოწესრიგდა რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეთა მიმართ. აქაც არის არაერთი ფუნდამენტური ცვლილება განხორციელებული რაც უკავშირდება სასამართლო სისტემას. ასევე მოგეხსენებათ, პირველი მოსმენით იქნა მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან, დროებით წესთან, რომელზეც შედგა საბოლო ჯამში კონსენსუსი მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის საბოლოო ჯამში მაინცდამაინც საინტერესო და ხშირ შემთხვევაში მისაღები ის ნორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს ევროკომისიასთან იმისათვის, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ჩვენ ავირჩიეთ სამი წევრი. საკმაოდ რთული პროცესი იყო, ორი წევრი კვლავაც ასარჩევია, ვნახოთ როგორ წარიმართება სამომავლოდ ეს პროცესი, მაგრამ მთლიანად სასამართლოს ნაწილშიც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთი პრიორიტეტს - ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო.

„მეოთხე პრიორიტეტი - ეს არის ანტიკორუფციული ღონისძიებები. აქ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა. არის მთელი რიგი ფუნქციები, რამაც თავი მოიყარა ანტიკორუფციულ ბიუროში, ეს არის ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და აღსრულება, ეს არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვის სისტემა, პარტიების დაფინანსების მონიტორინგმაც გადმოინაცვლა ამ ბიუროში და ეს არის ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სტრატეგიის ზედამხედველობა და კოორდინაცია. ანუ რაც იყო ერთ - ერთი მთავარი რეკომენდაცია ფუნქციების თავმოყრა ერთ ორგანოში, ამ რეკომენდაციასაც ჩვენ გავყევით და შევასრულეთ. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, აქ იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მაგალითად სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოიწონა ის კანდიდატურა, რომელიც საბოლოო ჯამში დაინიშნა ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯამში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, თორმეტივე პრიორიტეტი შეასრულა, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკომისიის მიერ.

„10 რეკომენდაცია უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. 2 რეკომენდაცია უკავშირდება ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს, უფრო სწორად, ერთი უკვე შესრულდა და ერთია დარჩენილი. თანამდებობის პირთა არჩევას უკავშირდება ერთი რეკომენდაცია - საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის არჩევაზე. სამოქმედო გეგმის შემუშავება - ეს არის ერთი რეკომენდაცია, ბუნებრივია ეს მიმდინარე პროცესია. კანონის არმიღებას ითხოვენ ორ შემთხვევაში: ეს ეხება დეოლიგარქიზაციას და ეხებოდა ცესკოს საკითხს და ამაზე გვექნება კონსულტაციები. ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ ბოლოს გარდა, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არ გაკეთებას არავინ გვედავება. პრაქტიკაში დანერგვაზეა საუბარი და კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე ყველა შემთხვევაში. რაც შეეხება ახალი კანონმდებლობის მიღებას, შემუშავებას, მხოლოდ სამ შემთხვევაში არის ამაზე საუბარი. ერთი ეხება სასამართლოს და როგორც უკვე ითქვა, დაგვჭირდება კონკრეტიკა, აქამდე ვერ მივიღეთ ეს კონკრეტიკა, რაში მდგომარეობს კონკრეტული მოთხოვნები ამ სფეროში. ასევე, ეს უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, ე.წ. სისტემურ მიდგომას. მზად ვართ რა თქმა უნდა, უბრალოდ დაგვჭირდება ამ შემთხვევაშიც კონკრეტიკა და „MONEYVAL“-ის რეკომენდაციები, როგორც უკვე ითქვა, აქაც დაწყებულია სამუშაო პროცესი და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება კონსულტაციები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთზე, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაზეც გაამახვილა და აღნიშნა: „თუ ჩვენ არ გვეცოდინება, ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, გაგვიჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება. კვლავაც ვითხოვთ კონკრეტიკას ევროკომიისიისგან, ევროპული სტრუქტურებისგან, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხოთ სათანადო პოზიციის ჩამოყალიბება“.

„მეხუთე პრიორიტეტი - დეოლიგარქიზაცია, აქ გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, თავიდან ჩვენ გავყევით უკრაინულ მოდელს და პირდაპირ დავაკოპირეთ უკრაინული კანონი თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი ევროკავშირის სტრუქტურების გადმოსახედიდან და ვენეციის კომისიაც რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას. ეს რეკომენდაცია გაიცა სამივე ქვეყნისთვის თანაბრად, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ამ ქვეყანაში. მინდა გითხრათ ჩვენთან რა ვითარებაა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. მაგალითად, ანტიკორუფციული კუთხით, ან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მიმართულებით, ან ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლა რომ ავიღოთ, ღიაობა, გამჭვირვალობა, მთავრობის კეთილსინდისიერების და მექრთამეობის რისკების ფაქტორი, კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახური, სახელმწიფო სერვისების სფეროში, ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ ვართ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში და ვუსწრებთ, როგორც მოლდოვას ასევე, უკრაინას. ეს არის არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის დახვეწის რესურსი და მზად ვართ ამაზე სამუშაოდ, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სისტემური რეფორმის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანგარიშის წარდგენისას მან გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, ხელისუფლებას აქვს ფუნდამენტური ცვლილებები, ევროკავშირის და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად.

„საარჩევნო კოდექსში შევიდა ასევე, ცვლილებები და გახანგრძლივდა საარჩევნო კვოტების მოქმედება, ასევე შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა შესაბამის თანმდევ კანონებში, რომელთა საფუძველზეც ევროპული სტანდარტების და სტამბოლის კონვეციის შესაბამისად მოწესრიგდა ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება სექსუალურ დანაშაულს, არანებაყოფლობით აბორტს, იძულებით ქორწინებას და სხვა მსგავს საკითხებს. ამ სფეროშიც განხორციელდა გენდერული თანასწორობის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები, ევროკავშირის რეკომენდაციების და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხს პარლამეტის თავმჯდომარე უწევდა პირადად კოორდინაციას.

„არსებითად კოორდინაცია ხორციელდებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმით საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან და მათთან პარტნიორობით იყო უზრუნველყოფილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში. თითოეული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ორი წარმომადგენელი იყო ამ პლატფორმიდან, გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თვეებით ადრე სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომას, მხოლოდ ისინი არ მონაწილეობდნენ შესაბამის პროცესში.

საკომიტეტო მოსმენები იყო ასევე ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის და ნებისმიერ მათგანს შეეძლო აქტიურად მონაწილეობა მიეღო განხილვებში.

პარლამენტის თავმჯდომარე პირადად გახდა ასევე ღია მართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, რაც მეტყველებს განსაკუთრებულ პრიორიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია ამ თემასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მეტერთმეტე პრიორიტეტი უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

„აქაც შემუშავდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის საფუძველზეც საერთო სასამართლოებს ევალებათ სათანადოდ გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საკუთარი გადაწყვეტილებების გამოტანის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე მან ისაუბრა სახალხო დამცველის არჩევაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ავირჩიეთ სახალხო დამცველი 96 ხმით, დეტალებს აღარ გავიხსენებ, ყველას გახსოვთ როგორ წარიმართა ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ იყო სერიოზული ბულინგი ოპოზიციონერ დეპუტატებზე, ჩვენ მაინც მოვახერხეთ საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღება და 96 ხმით დამტკიცდა სახალხო დამცველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მედია გარემოს და ადამიანის უფლებების კუთხით გაწეული სამუშაოა.

„მეექვსე პრიორიტეტი ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პარლამენტმა დაამტკიცა ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, - ეს არის ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ იგულისხმება, მათ შორის კანონიერი ქურდები, ქურდული სამყაროს წევრები და მათი მხარდამჭერები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე სამოქმედო გეგმა მოიცავს ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ბრძოლას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ბრძოლას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. ასევე შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი, დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და შევიდა ცვლილებები ფულის გათეთრების შესახებ კანონში „მანივალის“ რეკომენდაციების შესასრულებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე მან ყურადღება გაამახვილა მედია გარემოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე და განაცხადა, რომ განხორციელდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.

„რაც შეეხება მედია გარემოს, ამ პრიორიტეტს, აქ არსებითად განხორციელდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება უკავშირდებოდა აუდიო ვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას, რაც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან. როდესაც დაიდო ევროკავშირის პირველადი შეფასება ჯერ კიდევ არ იყო ეს კანონი მიღებული, თუმცა, როგორც კი ეს შეფასება დაიდო, რამდენიმე დღეში, ეს დოკუმენტი დამტკიცდა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცდა ადამიანის უფლებების სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.

„ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მთავრობამ დაამტკიცა ასევე ორი სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების სფეროში, ეს არის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს, 1325-ე რეზოლუციის განხორცილების ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა