პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მის თქმით, უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი კიევიდან იქნეს გამოძევებული.
„პრეზიდენტი ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში გვერდიდან აკვირდებოდა საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებს, როდესაც ისინი ხელს უწყობენ რუსულ რეჟიმს ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში, როგორც ეს თავად რუსეთის საბაჟო სამსახურმა განაცხადა. ასევე ხელს უწყობენ და ეხმარებიან პირდაპირი ფრენების აღდგენაში, ვაჭრობაში, ვალუტის გადინებაში და იქიდან მათი გადმოგზავნილი ფულის მიღებაში, ყველაფერ იმაში, რასაც შემდეგ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, სამხედრო კამპანიის საწარმოებლად იყენებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შარშან, წლის ბოლოს ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა თავისი ქვეყნის მოქალაქის, მეგობრის, ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის, მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლება, მაგრამ „ქოცების“ რეჟიმმა, „რუსულმა ოცნებამ“, ეს თხოვნა არ შეისმინა და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის. ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც ჩვენი პარტიის სახელით მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი კიევიდან იქნეს გამოძევებული“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48-საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.