ნიკოლოზ ვაშაკიძე  - მსოფლიოს თვალწინ უკრაინასთან  ურთიერთობების რადიკალური გაუარესება უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე

უკრაინა მსოფლიოს თვალში არის რუსეთის ბარბაროსული აგრესიის მსხვერპლი და ამ მონსტრთან გმირულად მებრძოლი ქვეყანა, შესაბამისად, მასთან ამავე მსოფლიოს თვალწინ ურთიერთობების რადიკალური გაუარესება უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმძიმეს ჩავარდნად უნდა შეფასდეს, რომელიც მომავალშიც დიდ პრობლემებს შეგვიქმნის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვითარება იმდენად არასახარბიელოა, რომ ნაბიჯების მინიმუმი ამ ხელისუფლების პირობებშიც არის გადასადგმელი და „თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობაზე ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ შემორჩა, მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს“.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ციხეში მკვეთად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე უდიდეს დარტყმას აყენებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს. დღეს ეს ორი საკითხი მჭიდროდ გადაჯაჭვულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რა რიტორიკური არგუმენტებიც არ უნდა გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ რეალობის კომენტირებისას, ეს ყველაფერი ძირითადად ქვეყნის შიდაპოლიტიკური დისკურსის ფარგლებში იტრიალებს, ხოლო საერთაშორისო არენაზე საქართველო უკიდურესად შელახული რეპუტაციით და იმიჯით დარჩება.

ცხადია, ამ კუთხით ვითარების რადიკალურად გამოსწორება მხოლოდ ხელისუფლების ფუნდამენტური ცვლილებით არის შესაძლებელი, მაგრამ ვითარება იმდენად არასახარბიელოა, რომ ნაბიჯების რაღაც მინიმუმი ამ ხელისუფლების პირობებშიც არის გადასადგმელი და, თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობაზე ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ შემორჩა, მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილი იქნებოდა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოძებნით მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა და მთავრობის გადახალისება იმნაირად, რომ საქართველოს მაღალი რანგის ახალი ოფიციალური პირები ფორმალურად მაინც თავისუფალნი იყვნენ "უკრაინული სტიგმისგან" და შეძლონ მდგომარეობის მინიმალურად მაინც გამოსწორება, რადგან თავისი მასშტაბით და სიმძიმით, საკითხი ფართოდ სცდება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენს ქვეყანას გლობალურ პრობლემებს უქმნის“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა