ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ კადრების უფრო დიდი და სრული ვერსიის გავრცელება შედიოდა "ქართული ოცნების" ინტერესებში - არ შეიძლება ეს გაგებული იყოს, როგორც დაშინების მცდელობა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, კადრების გავრცელებით, სადაც ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილს სცემენ, ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპონენტები დააშინოს.
მისი თქმით, მსგავსი ბრალდებების წამოყენება უაპელაციოდ ხდება.
„უაპელაციოდ ამბობთ ხოლმე, თითქოს „ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო და ხელსაყრელი იყო, მე კიდე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ მაგალითად ამ კადრების ან უფრო დიდი და სრული ვერსიის გავრცელება შედიოდა „ქართული ოცნების" ინტერესებში. მე ამას ვერ ვხედავ. იმის თქმა, რომ ეს შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული როგორც დაშინების მცდელობა, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია, არამც და არამც არ შეიძლება ეს გაგებული იყოს როგორც დაშინების მცდელობა”, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
მას ასევე ჰკითხეს, თუ რატომ არ ითანამშრომლა ვანო მერაბიშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან, რაზეც სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით, მათ შორის, მერაბიშვილის მენტალიტეტით ან იმით, რომ „რაიმე აქვს დასამალი“.
„მე არ ვიცი, რა მენტალიტეტით ხელმძღვანელობს რომელიმე კონკრეტული ადამიანი, რომელიც ასეთ დროს ასე გეგმავს ურთიერთობას სახელმწიფო დაწესებულებებთან, მაგრამ არ ვიცი, აქ შეიძლება მიზეზთა ერთობლიობა იყოს, შეიძლება მენტალიტეტი აქვს ასეთი, შეიძლება დასამალი აქვს რაიმე”, - განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მერაბიშვილის ცემის კადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.