„ნაციონალური მოძრაობა“ კლინიკა „ვივამედთან“ დღეს აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს კლინიკა „ვივამედთან“ აქციას მართავს და პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ უზღუდავს დეპუტატებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას.

როგორც პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, შალვა პაპუაშვილი საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, 46 დეპუტატი აწერს ხელს მიმართვას, რითაც ისინი შალვა პაპუაშვილს სთხოვენ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ.

„საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს, თუ რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა არცერთ დეპუტატს, არცერთ საქართველოს პარლამენტის წევრს არ აძლევს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას. გუშინ გავრცელებულმა კადრებმა, პრინციპში, ამ კითხვას პასუხი გასცა რატომაც. იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ევროპარლამენტარებსა და უკრაინის სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მიეცეთ პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების უფლება. მსოფლიომ უნდა იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიოა შეძრწუნებული. ვნახეთ გამოხმაურებებიც. ამიტომ უნდა შემოგვიერთდნენ დღეს „ვივამედთან“ აქციაზე, 19:00 საათზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ რუსულ რეჟიმს, რომ არ დავუშვებთ რუსულ რევანშს საქართველოში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა არის სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულება და ეს კეთდება სწორედ მის საამებლად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ასე რომ, გთხოვთ, შემოგვიერთდით, ერთად გავაგონოთ ხმა რუსულ რეჟიმს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პრეზიდენტს და მოვითხოვოთ მისი თავისუფლება, რადგან თავისუფლების პირობებში, ნებისმიერ თანაბარ გარემოში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ეს იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ამყოფებს პრეზიდენტს არა მხოლოდ ტყვეობაში, არამედ სრულ იზოლაციაში, რასაც ასევე ეხმარება პაპუაშვილი, რომელსაც დღეს 46-მა დეპუტატმა მიმართა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება