ჩვენ საერთაშორისო სწავლებებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ - მინდა გითხრათ, ბოლო წლებში უფრო მეტი საერთაშორისო სწავლება ჩატარდა, არც ერთ სწავლებაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს და მონაწილეობა ყველა სწავლებაში მივიღეთ , - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააკეთა.
როგორც გიორგაძემ ოპოზიციის კითხვის პასუხად განმარტა, საქართველომ 2023 წელს 19 საერთაშორისო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და ჩართულობა კიდევ უფრო მეტად იზრდება.
“სამხედრო განათლებასთან ერთად, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვა აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი შეფასება გვაქვს, რაც პარტნიორებთან თავსებადობას ზრდის“, - განაცხადა გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტში “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.