ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, სათანამშრომლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ერთიანობის საკითხზე.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობის მიმართულებით ღიაა, მეტიც პარტია ინიციატორიც იყო და იქნება.
„ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, ჩვენ გვინდა ევროპაში, ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია, პროდასავლური, პროქართული პარტიები გაერთიანდნენ რუსული პარტიის წინააღმდეგ. ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ სათანამშრომლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე უნდა „გაანულონ“, რაც მიიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, „ხოლო არჩევნებზე ისედაც ყველას თავისი გზა და პროგრამა ექნება“.