რომან გოცირიძე - ფაქტობრივად საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე ვართ

თუ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღო და ჩვენ ფაქტობრივად, პროცესებს ჩამოგვაცილეს, არავინ არ დაუწყებს საქართველოს ხელისუფლებას თავზე ხელის გადასმას. დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილი, ჩარჩება ჭორვილაში და იფრენს ჭორვილიდან შუშის სასახლემდე , - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა სასწორზე საქართველოს მომავალი დევს, „ქართულმა ოცნებამ“ კი ქვეყანა კატასტროფის პირას მიიყვანა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას - როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ვოლოდიმერ ზელენსკის გუშინდელი განცხადება მთელი დასავლური სამყაროსთვის სიგნალია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბოროტად იქცევა.

„საქართველომ თუ სტატუსი არ მიიღო ოქტომბერში, ან ნოემბერში და უკრაინამ და ევროპამ დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და ჩვენ ფაქტობრივად, ჩამოგვაცილეს, არავინ არ დაუწყებს საქართველოს ხელისუფლებას თავზე ხელის გადასმას. დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილი, ჩარჩება ჭორვილაში და იფრენს ჭორვილიდან შუშის სასახლემდე. ამას რა მოჰყვება მერე ხელისუფლებისთვის? იმ ადამიებისთვის, რომლებიც დღეს ივანიშვილის „კლანს“ წარმოადგენენ? ამათ მთელი ფილოსოფია ერთ რამეზეა აგებული - ეს არის ანგარება. მათი პოლიტიკის მთავარი არსი არის ფულის კეთება ბიუჯეტიდან, ტენდერების მოგება, ივანიშვილისთვის კომფორტის შექმნა და ივანიშვილის მსახურება, მაგრამ რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი, ვინაიდან, ზელენსკის გუშინდელი განცხადება ეს არის მთელი დასავლური სამყაროსთვის სიგნალი, რომ ეს ხელისუფლება იქცევა ძალიან ბოროტად. ხელისუფლება, რომელიც ადამიანს წამებით კლავს და ისიც კი არ ეთმობა, რომ გადასცეს, ექსტრადირება მოახდინოს უკრაინაში და ამით განმუხტოს არსებული დაძაბულობა. არსებული დაძაბულობის არგანმუხტვის სხვანაირი განმარტება არის, რომ კვლავ იყოს რუსეთის იმ გავლენის ქვეშ, რა სურათსაც ახლა ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაზე იფიქროს და არა თავის „ბოროტ ვნებებზე“, საქმე იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ფაქტობრივად, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე ვართ.

„ფაქტია, უკრაინის დამარცხება ამ ომში შეუძლებელია. ამას არ დაუშვებს მსოფლიო, ვინაიდან, უკრაინის დამარცხება დემოკრატიული დასავლეთის დამარცხებას ნიშნავს. ეს ქვეყანა ხდება უზარმაზარი პოლიტიკური და სამხედრო მიზიდულობის ცენტრი, ევროპაში ერთ-ერთ უდიდესი სახელმწიფო და ივანიშვილის ბოღმის გამო, რომ ჩამომხმარ მიხეილ სააკაშვილს უყუროს და ჭორვილაში, თავის სახლში ტელევიზორთან იჯდეს და თავისი შურისმაძიებლური ჟინი დაიკმაყოფილოს, თუმცა მარტო ეს არ არის, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფაქტორიცაა და ზელენსკიმ სწორად შეაფასა ეს პროცესები - ყველაფერი რუსეთთან იყრის თავს და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაზე იფიქროს და არა თავის ბოროტ ვნებებზე, ამ მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე, რომ ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე ვართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს