დღეს დავინახეთ, როგორ მოხდა ოპოზიციის „გირჩიზაცია“, რაც არის ძალიან სამწუხარო, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია პარლამენტის სხდომის ჩაშლას, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელებულიყო.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
დღეს პარლამენტში კვორუმი არ შედგა, რის გამოც სხდომა ვერ გაიხსნა. როგორ უმრავლესობამ განმარტა, მათი შემადგენლობიდან ადგილზე 76 დეპუტატი არ იყო და სხდომის გახსნას ვერ უზრუნველყოფდნენ. ოპოზიციამ კი რეგისტრაცია განზრახ არ გაიარა. შედეგად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.