საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან, იუდით ვარგასთან შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა.
„ძირითადი აქცენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე გაკეთდა. ილია დარჩიაშვილმა იუსტიციის მინისტრს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის და ამ მხრივ არსებული პროგრესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ილია დარჩიაშვილმა იუსტიციის მინისტრს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.