პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების არ მიკვირს, როცა ნახა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში, „ქართული ოცნების“ პირობებში გერმანული ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს დაამსგავსეს - ბუნებრივია, რომ მას ასეთი რეაქცია ექნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „ქოცისთვის“ მთავარია შურისძიება, ოპონენტის განადგურება და იმ ადამიანების მოსპობა, ვინც მათ სკამს საფრთხეს უქმნის, ამისთვის კი მზად არიან ალიანსი საქართველოს ყველა რჯულის მტერთან გააფორმონ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ანტიქართული, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად საქმე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ პრაქტიკულად საქართველოს ელჩი უკრაინიდან გამოწვეული და დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტამდე ცოტა გვიკლია.
„ამაში ლომის წვლილი აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიუკრაინულ განცხადებებს. ომის დაწყების დროს „ქართული ოცნების“ ე.წ. პრემიერ-მინისტრის გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინა დაისჯება, უკრაინის პრეზიდენტმა ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო, შემდეგ თქვა, რომ რუსეთის უკრაინას თავს იმიტომ დაესხა, რომ უკრაინა ნატოში მიდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურმე თუ ნატოსა და ევროკავშირზე უარს იტყვი, რუსეთი თავს არ დაგესხმება და შენი მეგობარი გახდება. ამ და სხვა უამრავმა მავნებლურმა განცხადებებმა მიგვიყვანა აქამდე.
თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავუსვამთ კითხვას იმის თაობაზე, მათთვის მიხეილ სააკაშვილის დასჯა-განადგურება უფრო დიდი ამოცანაა თუ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ჰიპოტეტურად რომ დადგეს საკითხი - მიხეილ სააკაშვილის გაშვება ან ევროკავშირის წევრობა, მაინტერესებს რომელს აირჩევს „ქოცი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზონ, რათა ოფიციალურ თბილისთან სააკაშვილის საკითხზე, კონსულტაციები გამართოს.