სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჰყავს - საქართველოს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ჰყავს და ფორმალურადაც სუს-ი გადაქცეულია ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლების სამსახურად, - ეს განცხადება პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, მისი ინტერესია სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტს იმის შესახებ მოახსენოს, რეგიონში გაზრდილი რისკების ფონზე, არის თუ არა გაზრდილი საფრთხეები საქართველოში რუსეთის მხრიდან და რა საფრთხეები შეიძლება მომდინარეობდეს რუსეთისგან, როგორც მტერი სახელმწიფოსგან.
„სუს-ი დგას არა ქვეყნის, არამედ „ქართული ოცნებისა“ და ერთი ადამიანის სამსახურში. შესაბამისად, მთავარი აქცენტები გაკეთებულია არა ჩვენს ბუნებრივ მტერზე - ოკუპანტზე, მთავარ საფრთხედ შეფასებული არიან დასავლელი პარტნიორები და ქართული ოპოზიცია.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანებისთვის კვერცხების სროლით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.