საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხზე ინფორმაცია, შესაძლოა, დახურული სხდომის ფორმატში მოისმინონ.
ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ თავად არ ფლობს ინფორმაციას სუს- ის ანგარიშის ამ ნაწილზე.
„თქვენ მეუბნებით, რომ სუს-ის ანგარიშის თანახმად, თითქოს, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, მე ამას ვერ დავადასტურებ. იქნება მოსმენა და თუ ეს ასეა, გახდება ცნობილი და ბუნებრივია, კითხვები გაჩნდება. მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, ეს ისეთი საკითხი იყოს, დახურული სხდომის ფორმატში კითხვების დასმაც გახდეს საჭირო. ასე რომ, ვინაიდან მე არ მაქვს მეტი ინფორმაცია, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა კახიანმა.
კახიანს ასევე ჰკითხეს, რატომ არ არის სუს-ის ანგარიშში არც ერთხელ ნახსენები რუსეთი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო. დეპუტატის თქმით, რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ჩანს არაერთ აქტში, მათ შორის, პარლამენტის რეზოლუციებში.
„ასეთ საკითხებზე კითხვების გაჩენა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა, არასერიოზულია უბრალოდ. რუსეთი ოკუპანტია, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ეს არაერთ აქტში, მათ შორის, პარლამენტის რეზოლუციებიდანაც მშვენივრად ჩანს. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, იქნება მოსმენა და ის კითხვები, რომელიც გაჩნდება, მათ შორის, ოკუპაციის საკითხთან მიმართებით, დასმული იქნება,“ - განაცხადა კახიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.