პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვას იწყებს.
დოკუმენტს, რომელიც კანონმდებლებს აპრილის თვეში წარედგინა, 7 ივლისს პარლამენტის სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
მომხსენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი.
“2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები. არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები, ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.
გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა. ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.
უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.
საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა“, – ნათქვამია სუს-ის დოკუმენტში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, სუს-ს ანგარიშს სესიაზე მოისმენენ.