ურთიერთობებში ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე - პროვოცირებაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ საზოგადოებისთვის ბევრ საკითხზე ბოდიში მოსახდელი არა აქვს - ესეც შეიძლება აგრესიული დამოკიდებულების მაპროვოცირებელი იყოს, - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საგარეჯოს ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.
სარჯველაძის თქმით, „სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიმკვიდრეს რეპუტაცია, რაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას განაპირობებს“.
„ძალადობის ნებისმიერი ფორმა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კითხვას, ხელისუფლების მართულობასთან დაკავშირებით, ეს მტკნარი სიცრუეა. ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით და ვერ გავიზიარებთ. პოლიტიკოსები ასეთი დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთების და ბრალდებების წამოყენების უფლებას თავს არ უნდა აძლევდნენ. ის, რომ ცალკეულ ადამიანებს, ვინც ასეთ აქტებში მონაწილეობდა, შეიძლება პოლიტიკური პრეფერენციები და ვინმეს მიმართ რაღაც პოლიტიკური სიმპათიები ჰქონოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართულია ხელისუფლებისგან ან ოპოზიციისგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.