სანდრო რაქვიაშვილი - ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, ამოიღონ კამერების ჩანაწერები, რათა დავადგინოთ ის ხალხი, ვინც ვეტოს დაძლევას ხმა მისცა, შენობაში თუ იყვნენ - ცხადია, საჭირო რაოდენობის ხალხი კენჭისყრაზე არ იყო

ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, რომ ამოიღონ კამერების ჩანაწერები, რათა დავადგინოთ ის ხალხი, ვინც ხმა მისცა ვეტოს დაძლევას, შენობაში მაინც თუ იყვნენ ფიზიკურად - კენჭისყრის ტრანსლაცია ხელმისაწვდომია და ცხადია, რომ საჭირო რაოდენობის ხალხი არ იყო კენჭისყრაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი აცხადებს, როცა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა, მან დააყენა მოთხოვნა გადაეთვალათ, იყო თუ არა დარბაზში კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა, თუმცა, რეგლამენტის მოთხოვნის მიუხედავად, ეს პროცედურა შალვა პაპუაშვილმა არ შეასრულა.

„იმ დღესვე დაფიქსირდა, რომ ვეტო არასწორად იყო დაძლეული. რეგლამენტის თანახმად, მოვითხოვე გადათვლა. რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული იყო დაეწყო გადამოწმება, მაგრამ ეს არ გააკეთა. პრობლემა იყო, რომ კოლეგა ოპოზიციონერებს არ მოუნდათ ამის გაკეთება, ყველა იმაზე ზრუნავდა, რომ თუ ვეტო არ დაიძლევა, მაშინ კიდევ მოუწევდათ პარლამენტში მოსვლა და ყველას დასვენება უნდოდა. ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, რომ ამოღებულ იქნას კამერების ჩანაწერები და დავადგინოთ ის ხალხი, ვინც ხმა მისცა, ფიზიკურად იყვნენ თუ არა შენობაში მაინც. კენჭისყრის ტრანსლაცია ისედაც ხელმისაწვდომია და ცხადია, რომ ეს ხალხი არ იყო კენჭისყრაზე. ეჭვი მეპარება, რომ ისინი საერთოდ შენობაში ყოფილიყვნენ, საუბარია 5 და არა 1 დეპუტატზე. ამიტომ მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ან მისი სიმართლე დაამტკიცოს, ან - ჩემი. თუ უნდათ არალეგიტიმურად არჩეული ცესკოს თავმჯდომარით გააგრძელონ ცხოვრება, შეუძლიათ არაფერი გააკეთონ, თუ უნდათ ლეგიტიმური, სათანადო წესით ავირჩიოთ თავმჯდომარე, მაშინ ამას სჭირდება სათანადო გაშუქება და აქტივობა”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა კვორუმის არარსებობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილება, ბუნებრივად დგას ის მოთხოვნა, რომ შესაბამისი კენჭისყრის შედეგები გაუქმდეს.

თუმცა, ამაში მნიშვნელოვანი ოპოზიციის როლია.

„მოთხოვნა, რომ კენჭისყრის შედეგები გაუქმდეს ბუნებრივად დგას, ახლა იმაზეა საუბარი, წამომყვება დანარჩენი ოპოზიცია თუ არა. ჩვენი პარტიის მოთხოვნა გადათვლაზე იგნორირებული იყო უმრავლესობის მხრიდან, თუ ეს არავის აღელვებს, ნიშნავს, რომ ყველა აღიარებს ასეთი ტიპის პროცედურებს და კანონებს და ეს დაიტესტება. არალეგიტიმური ცესკოს თავმჯდომარემ რა რისკები შეიძლება გააჩინოს, მგონი, ცხადია. 2020 წელს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე გვყავდა, მაგრამ ვნახეთ, რა პრობლემები შეგვექმნა, ახლა წარმოიდგინეთ რა რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს არჩევნები, რომელიც ასეთი ცესკოს მიერ იქნება ჩატარებული. ოპოზიციის პრობლემა ზოგადად ის არის, რომ ბევრი ადამიანი ვერ ხვდება ვინ არის პარლამენტარი და პოლიტიკოსი, როცა ბევრს ის უფრო მეტად აღელვებს, რომ ზაფხულში კარგად დაისვენოს, ვიდრე წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას",- განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს