ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ეს არის ელჩის გაძევება - ჩვენი და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა დღეს მინიმალურ დონეზეა, ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად უკრაინამ ელჩი გამოაძევა, თუმცა, იმ ფორმას, როგორც ეს გააკეთა, საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს.
„ელჩის გამოწვევა ხდება ხოლმე როცა დამნიშნავი ქვეყანა გამოიწვევს, ხოლო ის ქვეყანა, სადაც არის მივლინებული, ან „პერსონა ნონგრატად“ აცხადებს ან აძევებს - ეუბნება „დატოვე ქვეყანა“. რა თქმა უნდა, ელჩი ელჩის სტატუსით გააგრძელებს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ყოფნას. ჩვენი და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა დღეს არის მინიმალურ დონეზე დასული. საქართველოს დამოკიდებულება როგორც ოფიციალური მთავრობის, ასევე ქვეყნის უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ არ შეცვლილა, თუმცა საწყენია, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული სერვისების გამცემი ქვეყანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.