სუს-ის უფროსის მოადგილე - 2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან

გასულ წელს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ წარმოებდა, ჩართულები იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოქმედი აქტორები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.

„2022 წელს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „ჰიბრიდული საფრთხეები“. ხშირ შემთხვევაში, კოორდინირებულად მიმდინარეობდა ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების, მათ შორის კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ წარმოებდა. აღნიშნულში ჩართულები იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოქმედი აქტორები. აღნიშნული კამპანიების უმთავრეს მიზანს კვლავ საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენდა. ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ამასთან, დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობა; მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. საანგარიშო პერიოდში სამსახური მუდმივ რეჟიმში ახდენდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და ტარდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად კვლავ აქტიურად განაგრძობდნენ ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტების გამოყენებას. საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ნაციონალური იდეოლოგიის გასავრცელებლად, აღნიშნული აქტორები ცდილობდნენ სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო თუ საექსპერტო შეხვედრების მოწყობას, ასევე ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტების განხორციელებად. აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები გაატარა. კონტროლზე იყო აყვანილი აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილე ანდა ხელშემწყობი პირები და ორგანიზაციები, მიმდინარეობდა მათი კავშირების და დაფინანსების წყაროების გამოვლენა“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა