როდესაც ივანიშვილი გეუბნებოდათ, რომ საქართველოში ფულს არ შოულობს, გატყუებდათ. ივანიშვილის კლანმა, იაფი დენისა და თქვენი მოტყუების ხარჯზე, ასეულობით მილიონი დოლარი იშოვა, ბიტკოინებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა თითქმის 100 მილიონი ლარი მიითვისა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიტკოინების ბიზნესით ბევრად მეტი თანხა აქვს მიღებული.
„მეგობრებო, როდესაც ივანიშვილი გეუბნებოდათ, რომ საქართველოში ფულს არ შოულობს, გატყუებდათ! ივანიშვილის კლანმა, იაფი დენისა და თქვენი მოტყუების ხარჯზე, ასეულობით მილიონი დოლარი იშოვა, ბიტკოინებით. კერძოდ, პროკურატურამ ბრალი ბაჩიაშვილს წარუდგინა, რომელსაც ივანიშვილის კლანის კუთვნილ 39 მილიონ 215 ათას 820 დოლარის, ანუ თითქმის 100 მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და თუ მან, თითქმის 100 მილიონი ლარი მიითვისა, წარმოიდგინეთ, რა მოგება ნახა ოლიგარქმა, ბიტკოინების ბიზნესით, რომელსაც დიდი ოდენობით ელექტრო ენერგია სჭირდება და რასაც სახელმწიფო, ამ ქარხნებს, იაფად აწვდიდა.
მაშინ, როდესაც 2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა და ჯამში, 668 ათასი შეადგინა, ხოლო საბანკო ოლიგარქიის 5 თვის მოგება 997 მილიონია და პენსიონერებს, სესხებს მაღალ პროცენტში აძლევენ, ესენი უზარმაზარ თანხებს აგროვებენ - უსამართლო სოციალური ფონის პარალელურად.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, პროკურატურამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, იმ კომპანიების წარმომადგენლების შესახებ, რომლისგანაც, გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, 39 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა.
საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, კიდევ ვინ დგას იმ, მათ შორის ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების უკან, რომლებიც ათასობით ბიტკოინს გამოიმუშავებდნენ საქართველოში.
ოლიგარქიული კლანი, რომელიც ახლახან, ცემენტის მონოპოლისტიც გახდა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა დატოვოს სამშობლო, რათა კიდევ უფრო მეტი ფული ამოიღოს სხვადასხვა სქემებით.
ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ კვლავ გაგრძელდეს თქვენი დამცირებისა და მოტყუების პროცესი, ერთადერთი გამოსავალი, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ცვლილებებია, რათა რეალური ბრძოლა გამოვუცხადოთ სიღარიბეს, კორუფციასა და გაჭირვებას, რისი გამოცდილებაც აქვს, მთავარ ოპოზიციურ პარტიას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.