ალექსი ბატიაშვილი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით საოკუპაციო რეჟიმები ავრცელებდნენ ცნობებს საოკუპაციო ხაზის გამაგრების, ე.წ. ბომბსაფრების რეაბილიტაციის, რეზერვისტთა მობილიზაციის და სხვა უკანონო აქტივობების შესახებ.

სუს-ის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ 2022 წელს კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო.

„აღნიშნული განსაკუთრებით გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში. 2022 წლის 19 იანვარს ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას რუსეთისთვის ოკუპირებული ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. ასევე, რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს მუდმივ სარგებლობაში გადაეცათ ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა განცხადებები ენერგოსექტორში რუსი ინვესტორების მოზიდვის და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების აუცილებლობის შესახებ.

ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ე.წ. აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთთან ჰარმონიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს იხილავს. დოკუმენტი ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო