ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიცაა სუსი, გადაქცეულია პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად - ამ უკანონობის დასრულების ერთადერთი გამოსავალია, რომ მომავალ არჩევნებში საზოგადოებამ არა უბრალოდ დაასრულოს „ქართული ოცნების“ მმართველობა, არამედ ისეთი კოალიციური მმართველობის შექმნა შეძლოს, სადაც ასეთი ანომალიები ვეღარ განმეორდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა.
როგორც ახვლედიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ მისი ანალოგი ყოველთვის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი ხდება, როდესაც ქვეყანაში მორღვეულია სასამართლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და დემოკრატიული პროცესი არის შეფერხებული.
„ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც ანგარიში შეიძლება იყოს შედგენილი მეტ-ნაკლებად რაღაცა სტანდარტის მიხედვით, მაგრამ რეალობა იყოს რადიკალურად განსხვავებული. სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ საქართველოში.
ანგარიშში ნახავთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის დიდებულად, მაგრამ სინამდვილეში ეს სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ჰქვია, გადაქცეულია ოპონენტებზე დევნის, ძალადობის, შანტაჟის და სხვა უკანონო ქმედებების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.
ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლა თვალთვალით, მოსმენით და შემდეგ ამ მასალების გამოყენებით ხდება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
სუს- ის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტში - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.