ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია მოღალატედ და ქვეყნის დამაქცევლად არ მოენათლა. ყველა ამას აკეთებდა და იმავეს აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“. 30 წელია ამ გარემოში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მისამართით განხორციელებულ თავდასხმებზე საუბრისას განაცხადა.
ვახტანგ ძაბირაძე გამორიცხავს, რომ ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
კითხვაზე, თუ რაში ჩანს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ინციდენტებს ახალისებს, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობაში.
„რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ. ეს რომ იყოს პირველი შემთხვევა, კი ბატონო, მაგრამ 2011 წელს ანალოგიური რამ ხდებოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ხელისუფლებაც ანალოგიურს აკეთებდა. ეს ხელისუფლების განცხადებები ერთი ერთში ჰგავს ერთმანეთს. ცოტა შეიძლება სინტაქსი იყოს შეცვლილი და ფრაზეოლოგია, მაგრამ არსობრივად ერთი და იგივეა. „ესენია ყველა მოღალატე, ყველა რადიკალი“. ყველა ხელისუფლების დროს საქართველოში ოპოზიცია იყო მოღალატე. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია მოღალატეებად და ქვეყნის დამაქცევლად არ მოენათლათ. ყველა ამას აკეთებდა. იმავეს აკეთებს „ქართული ოცნება“ დღეს. რაიმე ახალია? აბსოლუტურად არაფერი. 30 წელია ამ გარემოში ვცხოვრობთ,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ დაპირისპირებებზე ხელისუფლების რეაქცია არის ნულის ტოლი, რის გამოც, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ თუ ხელისუფლება ძალადობის ფაქტების ორგანიზებას არ ახორციელებს, ყოველ შემთხვევაში, თვალს ხუჭავს.
„ამ ინციდენტების შემდეგ რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას? როდესაც ქვების სროლა, ლანძღვა-გინება და ა.შ. მიდის? დაპირისპირებაა, ფაქტობრივად, ხომ?! პოლიტიკური ხულიგნობაა. რეაქცია რა არის? არაფერი. ნულის ტოლი. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური აზრი, რომ თუ [ხელისუფლება] თვითონ არ აკეთებს ორგანიზებას, ყოველ შემთხვევაში თვალს ხუჭავს და ისინი, ვინც ამ აგრესიას გამოხატავენ, დარწმუნებულები არიან, რომ მათ აქედან არაფერი ცუდი არ ემუქრებათ.
როდესაც ხელისუფლებას ძალა აქვს და მართლაც მოსახლეობა წარმოადგენს მის საყრდენს, მას ასეთი რამეები უბრალოდ არ სჭირდება. რატომ უნდა გააკეთოს ეს? რაში არგია? მაგრამ როდესაც ეს ძალა არ აქვს, მაშინ იწყებს ასეთ ქმედებებს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.