არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია მართავს თუ ლევან ხაბეიშვილი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პარტიის რეალური მმართველი მიხეილ სააკაშვილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული ოპოზიციის პრობლემა არა მმართველებში, არამედ მათ დამოკიდებულებაშია.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები თავს ქართველ პოლიტიკოსებად არ აღიქვამენ, რადგან საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ხელს უწყობენ ხოლმე.
„ოპოზიციის პრობლემა არ არის მათ ლიდერებში, პრობლემა დამოკიდებულებაშია. ოპოზიციონერები თავს ქართველ პოლიტიკოსებად არ აღიქვამენ. სწორედ ოპოზიცია არის ის, ვინც პირველი მხარს უჭერს და აძლიერებს დეზინფორმაციას, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ მოდის ხოლმე. ასეთია სანქციების თავის არიდების შესახებ დეზინფორმაციული კამპანიაც. მსგავს რაღაცებს ასაზრდოებს, მხარს უჭერს და ციხეს შიგნიდან ტეხს ქართული ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. სანამ მათ თავიანთ ფუნქციად ციხის შიგნიდან გატეხა მიაჩნიათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათი ლიდერი ვინ იქნება. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ოპოზიციის ლიდერის შეცვლამ იმოქმედოს, ეს არის ის, რამდენად სწრაფად გატყდება ციხე შიგნიდან. მეორე მხრივ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია მართავს თუ ლევან ხაბეიშვილი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პარტიის რეალური მმართველი მიხეილ სააკაშვილია. მანამ, სანამ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად აღიქვამენ, მისი დანაშაულები მთელს პარტიაზე ვრცელდება და პასუხისმგებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე თავისი დანაშაულების გამო აქვს, მათ პასუხისმგებლობადაც იქცევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.