„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს და ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბათუმის სტადიონზე საოკუპაციოა და გიორგი ანწუხელიძის მაისურებით არ უშვებენ, - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე, ასევე, მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ „რუსული ოცნების“ სახე, რომ ისინი ფეხქვეშ ეგებიან კრემლს და პუტინს. ე.წ სტიუარდი მივიდა შსს-ს წარმომადგენელთან, ამის კადრებიც არსებობს და შეუთანხმა ჩვენი შეშვება არ შეშვების საკითხი და, რა თქმა უნდა, მათ თქვეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებდნენ დაუსაბუთებელი მიზეზით და სინამდვილეში მათ წარმოგვიდგინეს whatsapp-ში და მესენჯერის ჩათებში მათ მიერ შეთითხნილი დაწერილი და გადაკეთებული განკარგულება და არ მოიაზრებდა სინამდვილეში იმას, რასაც ესენი გვეუბნებიან. მოვუწოდებ ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებსაც ანაღვლებთ საქართველოს და საკუთარი მომავალი, აუცილებლად გამოხატონ საკუთარი პოზიცია და აუცილებლად აგრძნობინონ რეჟიმს, რომ არ აპირებენ ამ ქვეყნის რუსეთისთვის გადაბარებას”, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ.
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლაშა კომახიძის თქმით, მათ ადგილზე პატრულიც გამოიძახეს.
„დღეს ბათუმი არენაზე მოვედით მე და ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები ანტისაოკუპაციოა მასიურებით და ვაპირებდით თამაშზე დასწრებას მაშინ, როდესაც შესვლის უფლება არ მოგვცა ადგილობრივმა წარმომადგენელმა და მოედნის ადმინისტრაციამ. ადგილზე გამოვიძახეთ პოლიცია და ვითხოვთ მათგან კანონისმიერ განმარტებას, თუ რატომ არ შეიძლება ანტისაოკუპაციო მაისურებით დაშვება მატჩზე“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.