პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლება ერთი ხელით ორგანიზებას უწევდა ძალადობრივ ჯგუფებს, მეორე ხელით ვითომ იცავდა ღონისძიებას - ადამიანების განადგურების სურვილს, ქრისტეს გზასთან არაფერი აქვს საერთო, ეს უფრო ბარაბას გზაა

ქრისტიანობა არ არის განსხვავებულად მოაზროვნე და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დარბევა და ლინჩის წესით ქვებით განადგურება - კარგი იქნებოდა ორგანიზატორებს „კოკა-კოლებთან“ ერთად წიგნებიც ჰქონოდათ, მათ შორის სახარება, იქნება ამ ადამიანებს წაეკითხათ, დარწმუნებული ვარ 99%-ს სახარება წაკითხული არ აქვს , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი, რომელიც 21-ე საუკუნეში განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის ძველი წელთაღრიცხვის ქვებით ჩაქოლვის წესს იყენებს, ევროპაში ვერ შევა.

„გუშინ რაც ვიხილეთ, ძალადობრივი ჯგუფების მიერ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის ძალადობრივი დარბევა, ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, არც ქრისტიანობის დაცვასთან და არც ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.

ქრისტიანობა არ არის განსხვავებულად მოაზროვნე და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დარბევა და ლინჩის წესით ქვებით განადგურება. ეს ხალხი წარმოადგენს არა საქართველოს, ნათელ მომავალს, რომელმაც ქვეყანა უნდა გააბრწყინოს, არამედ წარმოადგენს შავრაზმულ დაჯგუფებას, რუსულს.

არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა დასაცავად. ხელისუფლებამ არა თუ არ იღონა, თავად იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ერთი ხელით ორგანიზებას უწევდა ამ ჯგუფებს, მეორე ხელით კი ვითომ იცავდა ღონისძიებას.

ძარცვას, დარბევას, დატაცებას, იქ რომ ადამიანები დახვედროდათ, მათ განადგურების სურვილს, ქრისტეს გზასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის უფრო ბარაბას გზა, დარბევის და განადგურების გზა არის ბარაბას გზა. უფრო მეტიც, კარგი იქნებოდა „კოკა-კოლებთან“ ერთად ორგანიზატორებს წიგნებიც ჰქონოდათ, მათ შორის სახარება, იქნება ამ ადამიანებს წაეკითხათ, დარწმუნებული ვარ 99%-ს სახარება წაკითხული არ აქვს.

პირდაპირი დავალება რომ მედია გაანადგურეთ არ იყო, სამიზნე ჯგუფი კონკრეტული საზოგადოება იყო.

მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ „კოკა-კოლა“ მოიპაროს, ან ვარდისფერი პარალონი. ამის მიზანია, ევროპული კურსიდან საქართველოს გადახვევა. ხალხი, რომელიც 21-ე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის ქვებით ჩაქოლვის წესს იყენებს განსხვავებულად მცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ევროპაში ვერ შევა. ამ ყველაფრის სათავე და მეტასტაზი „ქართული ოცნებაა“. ის პარალონიანი ადამიანი, ის „კოკა-კოლა“ მოპარული ადამიანები, რომლებიც იქ დარბოდნენ, იყვნენ არა რომელიმე იქ მყოფი ქართველი, არამედ ყველა ის ადამიანი იყო ერთად აღებული ირაკლი ღარიბაშვილი. რამდენიმე სასულიერო პირი იყო, ვნახეთ, ადამიანზე ამხედრებული, როგორც სახედარზე, ესენი ეს რუსული მეხუთე კოლონა. ამ ხალხის დაფინანსებულია და ქრისტეს ეფარებიან“,-აღნიშნა მანჯგალაძემ.

Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქტებით განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. "თბილისი პრაიდის" განცხადებით, "განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება "ალტ-ინფოს" შორის".

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს