შალვა პაპუაშვილი - შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ - საქართველო პირნათელია  როგორც ნატოს, ასევე უსაფრთხოების მხრივ, ყველა პარტნიორის წინაშე

საკითხი არის იმაში, რომ არავის მიღებაზე არ არის საუბარი, ამას ცოტა რეალისტურად უნდა შევხედოთ. მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ არ არის საუბარი მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ არის საუბარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ნატომ უნდა გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება.

პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს, არის რუსეთი.

„საუბარია იმაზე, რომ თავად ნატომ გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ დატოვოს ის ბუნდოვანება, რომელიც სამწუხაროდ, დიდი ხანია არსებობს, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც, ერთი მხრივ, ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ მოგვენიჭა გაწევრიანების გეგმა და შესაბამისად, შეიქმნა ბუნდოვანება და ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს არის რუსეთი. დღეს საკითხი დგას არა ჩვენში და არა უკრაინაში, დღეს საკითხი არის ნატო-ში, რამდენად მზად არის მიიღოს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და დაასრულოს ბუნდოვანება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ იღებეს ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პაპუაშვილის თქმით, სხვადასხვა ფორმატია, სხვადასხვა დონეზე არიან ქვეყნები წარმოდგენილი.

მისივე თქმით, დღეს, მთავარი განსახილველი საკითხი არის უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტი, ამიტომ უკრაინა არის განხილვის ცენტრში.

„მე რამდენჯერმე დავასახელე, თუ რა წვლილი აქვს გაღებული საქართველოს თავისი შრომით, ინსტიტუციურად და სისხლით, მათ შორის ნატოს საერთო საკითხებისთვის და მიზნებისთვის. შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ. იქნება ეს ჩვენი ღვაწლი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით და შევადაროთ ნატოს რამდენ წევრ ქვეყანას აქვს გაღებული იგივე ღვაწლი, რაც საქართველოს. ამ მხრივ, საქართველო პირნათელია როგორც ნატოს წინაშე, ასევე უსაფრთხოების მხრივ ყველა პარტნიორის წინაშე.

სხვადასხვა ფორმატია, სხვადასხვა დონეზე არიან წარმოდგენილი ქვეყნები. დღეს მთავარი განსახილველი საკითხი არის უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტი, ამიტომ უკრაინა არის განხილვის ცენტრში. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ჩავანაცვლოთ ან შევეცილოთ უკრაინას იმ საკითხებში, რომელიც ეხება მის ნატო-ში გაწევრიანებას. დღეს გამომდინარე იმ აგრესიიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგაა, თავისთავად, უკრაინა არის ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს