შალვა პაპუაშვილი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაზე - გარკვეული ჯგუფების თუ აქტორების განცხადებები ტოვებს განცდას, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო - უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა და პოლიციამ ამ პრიორიტეტის დაცვა შეძლო

დარწმუნებული ვარ, იქ რომ ყოფილიყო მმართველი თუ არა მმართველი პარტიის ღონისძიება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეჰქმნოდა, პოლიცია ასევე უზრუნველყოფდა, რომ მათი ევაკუაცია მომხდარიყო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლისის ტბაზე „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ჩაშლას.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, პოლიცია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, უპირველესი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაა.

„რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, [8 ივლისს] დასკვნითი ღონისძიება იყო და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზატორებთან გავლილი ჰქონდა შეთანხმებული გეგმა, ადგილზე მისული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან კონკრეტული პირების ჯანმრთელობის დაზიანების რისკი მაღალი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ისეთი შეგრძნება მაქვს, არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ისეთ განცდას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად. არ ვიცი, ამ ჯგუფებს და ამ აქტორებს, ვის განცხადებებსაც ვისმენდით, რა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პრიორიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს და ეს პრიორიტეტებია, ის რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა. რა თქმა უნდა, როცა სასწორზე დგას ადამიანის ჯანმრთელობა შეკრების თავისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც და პოლიციაც, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა გარდა იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა და წინ დაეყენებინა. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი მხრივ, არავინ დაზიანებულა, მეორე მხრივ, კონტაქტამდეც არ მიიყვანა საქმე პოლიციამ და ამის უზრუნველყოფა შეძლო, ამიტომ ამ მთავარი პრიორიტეტის დაცვა პოლიციამ შეძლო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩატარდა სხვა საპოლიციო ღონისძიებები და პროპორციული ძალა რატომ არ გამოიყენეს, პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„რაც შეეხება საპოლიციო ღონისძიებებს, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაგცემთ პასუხს, თუ როგორ იგეგმება, მათ შორის, რა ტაქტიკით და სტრატეგიით, ესა თუ ის ღონისძიება. რაც შეეხება დაანონსებებს, სხვადასხვაგვარი გვესმის ხოლმე, მათ შორის პარლამენტის წინააღმდეგაც დაანონსებული სხვადასხვა აქციები, რომელიც ბოლოს ძალადობრივ აქციებად გადაქცეულა. შეგახსენებთ, 7-8 მარტს, საქართველოს პარლამენტზე იყო შეტევა მიტანილი, გვახსოვს ჩამტვრეული შუშები და ცეცხლწაკიდებული პარლამენტი, მაშინ პოლიციას პარლამენტიდან როგორც თანამშრომლების, ისე ჟურნალისტების ევაკუაცია მოუწია. აქ არავის უთქვამს, რომ პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თქვენი, ან პარლამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობა. რაც შეეხება მასის მართვას, ეს არის ცალკე დარგი, რომელსაც პოლიცია და შესაბამისი დანაყოფები სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი სტანდარტით ფლობენ ამ სტრატეგიას და ტაქტიკას, შესაბამისად, მართავენ სხვადასხვა სახის და სიდიდის მასებს.

დარწმუნებული ვარ, იქ რომ ყოფილიყო მმართველი, თუ არა მმართველი პარტიის ღონისძიება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა, პოლიცია ასევე უზრუნველყოფდა, რომ მათი ევაკუაცია მომხდარიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება