თუ საკითხს ასეთი ლოგიკით მივუდგებით, ისტორიულად ნებისმიერი კენჭისყრა შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს - პროცედურა დასრულებულია, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 3 ივლისის პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მმართველმა უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კითხვაზე, ვეტოს დაძლევის მომენტში პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა თუ არა უმრავლესობის 76 დეპუტატი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „იმას, თუ ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის მონაცემები, რაც არის“.
პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მან, როგორც სხდომის წამყვანმა, კენჭისყრის შედეგების გადათვლის თაობაზე „გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის მოთხოვნა იმის გამო არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული პრეტენზიის დაყენების უფლებამოსილება ჯგუფის ხელმძღვანელს, იაგო ხვიჩიას ჰქონდა და არა სანდრო რაქვიაშვილს.
„საპარლამენტო ცხოვრება დაკავშირებულია პროცედურასთან და ეს არის მნიშვნელოვანი. მათ შორის სხდომის თავმჯდომარეც შეზღუდულია დადგენილი პროცედურით. პროცედურის თანახმად, თუკი კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართოს, რომ საკითხის გადამოწმება მოხდეს.
როცა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა სანდრო რაქვიაშვილმა მოითხოვა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ გახლავთ. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია იაგო ხვიჩია და თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა. უნდა ყოფილიყო ამ მომართვის შინაარსობრივი დასაბუთება. ყოველ კენჭისყრაზე 80-90 საკითხი გამოდის და თეორიულად შეიძლება ყველა კენჭისყრის შემდეგ ვიღაცამ წამოიძახოს და პრეტენზია ჰქონდეს... ამიტომაც არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვით, გასაჩივრება პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია და პოლიტიკური ჯგუფის სახელით მისი თავმჯდომარე საუბრობს და არა ჯგუფის ყოველი წევრი.
როდესაც როგორც პლენარული სხდომის თავმჯდომარემ ვთქვი, რომ რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ ჩანდა, პრეტენზია აღარ გაგრძელებულა და სხდომაც ჩვეულებრივად გავაგრძელეთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროცედურების დაცვა, რადგან საქმე კანონმდებლობას ეხება და არა უბრალოდ გადასაწყვეტ საკითხებს.
ის თუ ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, ამას უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის ჩვენი მონაცემები, რაც არის.
თუ ასე მივუდექით, შეიძლება ისტორიულად ჩატარებული ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს და დავიწყოთ ამის ძიება და კვლევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).
კენჭისყრის ეს შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა „გირჩმა", რომლის ინფორმაციით, „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა. „გირჩმა“ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.