პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზანი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებაა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, კოდექსის მიღებას პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ ეწინააღმდეგება, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს რაიმე პრინციპული პოზიცია არა აქვთ, მაგრამ „გირჩთან“ ერთად ხალისობენ და პროცედურების „გაწელვას“ ცდილობენ.
„ვაპირებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღოთ. ქართული ჯარის მიმართ „გირჩის“ დამოკიდებულება ცნობილია და ცდილობენ, ისეთი კანონმდებლობა, რაც ჩვენი ჯარისკაცებისთვის სასარგებლოა, არ იყოს მიღებული.
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი გავლილი და შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან - პარტნიორებში ნატო-ს ვგულისხმობთ. პროექტზე მუშაობა წლები მიდიოდა და ცვლილებებმა ჯარისკაცებისთვის ახალი სოციალური პირობები უნდა შემოიღოს. ამას ეწინააღმდეგება „გირჩი“, რადგან მათ შეუთავსებლობა აქვთ ჯართან, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან და ყველაფერთან, რაც დაკავშირებულია თავდაცვის ეროვნულ სისტემასთან. ვხედავთ, რომ სხვა დეპუტატები ხალისის გამო არიან აყოლილი.
ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ შინაარსობრივი განხილვა და მეორეს მხრივ, ჩემი, როგორც თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ საკითხის ხელოვნური გაწელვის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.