ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველო 2009 წელში ჩარჩა, ამის შემდეგ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მექანიზმები ვერ გამოვიყენეთ და დღეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიებს ვკარგავთ

ხვალ რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა ვილნიუსში ჩასვლა, ეს ვითარებას ვერ შეცვლის, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს არ მიეცემა შესაძლებლობა შეხვდეს წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ვილნიუსში, 11 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში" ჩეჩელაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად არ განიხილება.

„ის გადაწყვეტილებები, რასაც აშშ და ნატო მიიღებს უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მიმართ მიღებული არ იქნება. უკრაინა და საქართველოს ორეულში წამყვანი ძალა ჩვენ ვიყავით და უკრაინა მოდიოდა ჩვენთან ერთად.

ეს ხომ მარტო ის არ არის, რომ დღეს გადაწყდა ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლა-არ ჩასვლის საკითხი. ეს არის შედეგი მრავალწლიანი პოლიტიკის, რამაც აქამდე მოგვიყვანა ჩვენ. ხვალ რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა იქ ჩასვლა, ეს ვითარებას ვერ შეცვლის, იმიტომ, რომ მას არ მიეცემა შესაძლებლობა, შეხვდეს წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტს. ამერიკის პალიტრაში საქართველო კი ჩანს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების კონტექსტში, საქართველოს ვერ ხედავენ. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმ რიტორიკის გამო, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ამერიკელების მიმართ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

კითხვაზე, როდის შეიძლება საქართველო უკრაინას დაეწიოს, ჩეჩელაშვილი პასუხობს, რომ შესაძლებელია საქართველო უკრაინას დაეწიოს, მაგრამ ამისთვის მთელი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემა უნდა იყოს გადალაგებული.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემა ერთ დიდ ფუნდამენტურ შეცდომაზეა დაფუძნებული.

„ჩვენი ე.წ. არ გაღიზიანების პოლიტიკით უნდა მივენდოთ რუსეთის კეთილ ნებას და ამით დავიზღვიოთ თავი, რომ რუსეთმა ომში არ ჩაგვითრიოს. როდესაც ლაპარაკობენ ომში ჩათრევაზე, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს შეუძლია, არის რუსეთი, რომელიც ამას ყოველდღე აკეთებს.

შენ ენდობი იმ ძალის კეთილ ნებას, რომელიც მოძალადე და მკვლელია. ეს ხომ იგივე რუსეთია, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს? ეს იგივე რუსეთია, რომელიც ჩვენთან აწარმოებს ომს, მცოცავ ოკუპაციას და „ამ მინდობაში ჩვენ ხომ არანაირი გარანტიები არ გვაქვს?“

საქართველო 2009 წელში ჩარჩა, ამის შემდგომ ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მექანიზმები ვერ გამოვიყენეთ და დღეს ამერიკის ორმხრივ ფორმატში საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიებს ვკარგავთ“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა