უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გარდა, შეიარაღების მიწოდების, ეკონომიკური მხარდაჭერის და რუსეთის მარცხის საკითხები იქნება განხილული.
მისივე თქმით, უკრაინისთვის გაწეული დახმარება კიევს რუსეთის არსებობის დასრულების დაჩქარების საშუალებას მისცემს.
„ნატოს გარდა, შეხვედრაზე შეიარაღების დაჩქარებული წესით მიწოდების საკითხი განიხილება, რადგან შეტევითი ოპერაციებისთვის დამატებითი ინსტრუმენტები გვჭირდება ანუ საავიაციო კომპონენტი, შორს სასროლი რაკეტები. კიდევ ერთი საკითხი - რუსეთის მარცხი, თუ რატომ არის ეს მომგებიანი დემოკრატიული სამყაროსთვის და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამის. ასევე, უკრაინისთვის გაწეული დახმარება რუსეთის არსებობის დასრულების დაჩქარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.