ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც 3 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე “საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, 3 ივლისის სხდომაზე უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საკმარისი ხმები არ ჰქონდა და სხდომა უფლებამოსილი არ იყო შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო.
ბოკუჩავას თქმით, მას არა აქვს იმედი იმისა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ასეთ საკითხებს უნდა იხილავდეს, რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებს.
“ძალიან ხშირად უმრავლესობას პარლამენტში კვორუმი არა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე ხდება. მათ შორის არაუფლებამოსილი სხდომის მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს - საარჩევნო ადმინისტრაციას ეხებოდა. ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული საკითხს შეისწავლის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა და ოპოზიციას რაიმე შუამდგომლობისა და პრეტენზიის დაყენებამდე, რეგლამენტის წაკითხვა ურჩია. მდინარაძის შეფასებით, 3 ივლისის სხდომაზე ხმების გადათვლის მოთხოვნა კანონის დაცვით არ იყო დაყენებული.
“ოპოზიციას ვურჩევ, არაკვალიფიციური მოთხოვნების დაყენებას, სჯობს პარლამენტის რეგლამენტი წაიკითხონ. როდესაც დეპუტატმა შეიძლება პრეტენზია გამოთქვას იმის თაობაზე იყო თუ არა სხდომაზე კვორუმი და იყო თუ არა საკმარისი ხმები, რეგლამენტის მიხედვით, პრეტენზია უნდა გამოთქვას არა დეპუტატმა, არამედ საკითხი დააყენოს ფრაქციამ, შესაბამისად პოლიტიკურმა ჯგუფმა ან შვიდკაციანმა ჯგუფმა. ასეთია წესი, როცა საკითხი ასე დაყენების შემთხვევაში დეპუტატების რაოდენობა გადაითვლება ხოლმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).
კენჭისყრის შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის" დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელმაც სესიაზევე განაცხადა, რომ “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა. რაქვიაშვილმა ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.