ირაკლი კობახიძე - ის, რომ უკრაინა შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიიღონ, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს - უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მეტ ყურადღებას აქცევენ

ის, რომ უკრაინა შეიძლება მაპ-ის გარეშე მიიღონ ნატო-ში, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს. უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მათ მეტ ყურადღებას აქცევენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიუხედავად უკრაინის მდგომარეობისა, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 2008 წელს, როდესაც საქართველოში იყო ომი, ნატო-მ ქვეყანას მაპ-იც კი არ მიანიჭა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნების ნატო-ში მიღების დიფერენციაციის საფუძველი ომია, საქართველო მასში ჩასართავად ვერაფერს გააკეთებს.

„იმისთვის, რომ ნატო-ს დავუახლოვდეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრი რამ, რა თქმა უნდა, გლობალურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული. ის, რომ უკრაინა შეიძლება მაპ-ის გარეშე მიიღონ ნატო-ში, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მათკენ მეტი ყურადღებაა მიქცეული. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ომი, მაპ-იც კი არ მოგვანიჭეს. როდესაც დიფერენციაციის საფუძველი ომის მდგომარეობაა, ამ მიმართულებით ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. არსებობდნენ ვიღაცები, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩართულიყო, თუმცა ჩვენ ამას ხელი არ შევუწყვეთ. თუმცა, ეს რაც მე ვთქვი, არ გაძლევთ იმ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ნატო-ს წევრობის სტატუსს მხოლოდ ომში ჩართვის შემთხვევაში მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღებენ საქართველოს ნატო-ში, პოლიტიკურია, რადგან ის რეფორმების თვალსაზრისი, როგორც უკრაინას, ასევე ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებსაც უსწრებს.

„ორი-სამი დღის წინ ბაიდენმაც თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად რეფორმები სჭირდება. ამ კუთხით, ჩვენ ბევრად წინ ვართ, ვიდრე უკრაინაა და ასევე, ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ნატო-ში გაწევრიანება სურს. იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვიღებენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ასე იყო 2008 წელსაც და ასეა დღესაც. ჩვენი პასუხისმგებლობა არის მხოლოდ ის, რომ ყველა მიმართულებით წინსვლა გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება