სალომე სამადაშვილი - უმრავლესობის წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშსწორებით რომ გვემუქრებიან - რუსეთის მოკავშირეებს ნუ გვეძახითო - ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირედ აფასებს უკრაინა, ევროკავშირი და ნატო

აქ ახლა უმრავლესობის წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშსწორებით რომ გვემუქრებიან - რუსეთის მოკავშირეებს ნუ გვეძახითო, ჩვენ როგორ გაფასებთ, შეიძლება თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირედ აფასებს უკრაინის ხელისუფლება, აფასებს ევროკავშირი და აფასებს ნატო,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლებას არ სურს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და სწორედ ამ მიზეზით არ მიიწვეს, ქვეყნის მთავრობის მეთაური ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს გაიხსნა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, თუ არაფერი შეიცვალა საქართველოს ხელისუფლება ხელცარიელი დარჩება მიმდინარე წლის ბოლოსაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც ეს ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემთხვევაში მოხდა.

„დღეს ამ ქვეყანას მართავს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანება იყო სწორედ მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომის, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის სახიფათო. ძვირფასო თანამოქალაქეებო, მგონი, აღარ უნდა დასვათ კითხვა, რატომ არ არის მიწვეული ამ პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის სამიტზე. არ არის მიწვეული იმიტომ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ნატო-ში ამ ქვეყნის გაწევრიანება და ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ შეფასებით, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აქტიურად საბოტაჟს უწევს ამ ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ასრულებს რუსეთის დავალებას. ამიტომ, აქ ახლა უმრავლესობის წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშსწორებით რომ გვემუქრებიან - რუსეთის მოკავშირეებს ნუ გვეძახითო, ჩვენ როგორ გაფასებთ შეიძლება თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირედ აფასებს უკრაინის ხელისუფლება, აფასებს ევროკავშირი და აფასებს ნატო. ამიტომ, ჩახვედით ხელცარიელი ვილნიუსის სამიტზე, წამოხვალთ უკან ხელცარიელი და თუ არაფერი არ შეიცვალა, ასევე ხელცარიელი დარჩებით მიმდინარე წლის ბოლოს, როდესაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ევროპაში უკვე აღარ ელიან, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს შეასრულებს.

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე და სიმართლე არის შემდგომი, რომ დღეს უკვე აღარავინ აღარ ელოდება ამ რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. ეს საკითხი რომ ვერ გადაწყდება, ამაზე შეთანხმებულია ევროკავშირი. არსებობს ერთადერთი მიზეზი, რატომაც დღეს რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და მათ შორის, გერმანია მხარს უჭერს იმას, რომ მაინც ბოლომდე არ ჩაიკეტოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი და ეს მოსაზრება არის ერთადერთი, რომ საქართველო არ დაშორდეს უკვე ორი საფეხურით უკრაინას და მოლდოვას, იმიტომ, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება აუცილებლად გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. ამ მოცემულობაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ მას აქვს ფუფუნება, რომ ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან - უკრაინასთან, რომელსაც დღეს ვილნიუსში ეტყვიან, რომ როგორც კი ომი დასრულდება, ის გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო და ვინც ვერ გაიგო, შემიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი, მისი 70%-ზე მეტი იმიტომ უჭერს მხარს ამ ქვეყნის მომავალს ნატო-ში, რომ ზუსტად იცის, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ იყოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენ გვჭირდება ნატო-ში გაწევრიანება. საქართველოს მომავალი ნატო-ში და ევროკავშირში განუყოფლად არის დაკავშირებული უკრაინის მომავალთან, უკრაინის ბედთან და ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაფუჭება უკრაინის სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა თუ სხვა, ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელზეც პასუხი თქვენ აუცილებლად მოგეთხოვებათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს