გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი, უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი „არასერიოზულსა“ და „თემის გაშარჟებას“ უწოდებს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის - „გენდერი" ამოღებას ითვალისწინებს.
დისკუსია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაიმართა, სადაც “გირჩის“ საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდა.
„გირჩის" პროექტის მიხედვით, “გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა და შესაბამისი ცვლილება ყველა იმ კანონში შევა, სადაც სიტყვა "გენდერია" ნახსენები.
“წარმოდგენილი ინიციატივაა, სრული მავნებლობა და რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩოთი გენდერული თანასწორობა განსაზღვრულია როგორი ქალებს და კაცებს შორის თანასწორობა. ამ თემაზე აპელირება და სპეციალური ინიციატივების შემოტანა, რომ გენდერულ თანასწორობას გადაერქვას და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა დაერქვას, არის ამ თემის გაშარჟებისა და საკითხის მიმართ არასერიოზულად მიდგომის მცდელობა“, - განაცხადა წილოსანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
“გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ წილოსანის პასუხად განმარტა, რომ ქართული კანონმდებლობა რეალურად გენდერს არ აღიარებს, ხოლო იმას რასაც არ აღიარებს, 16 კანონში წერია. ხვიჩიას თქმით, მათი პროექტის გათვალისწინებით კანონებიდან ტყუილის ამოღება ხდება.
„საქართველოს კანონმდებლობით „გენდერი“ განიმარტება როგორც ქალი და მამაკაცი, რაც აბსურდია და ეს გენდერთან არაფერ შუაშია. დასავლეთში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არსებობს არა ორი, არამედ 56 და კიდევ უფრო მეტი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გენდერს განვმარტავთ როგორც ქალი და მამაკაცი, ეს ისეთივეა როგორც “ტელეფონი“ განვმარტოთ როგორც “ტროლეიბუსი“, რაკი ორივე “ტ“-ზე იწყება. შესაბამისად, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობიდან ამ ტყუილის წაშლა გვინდა და თუკი გულშემატკივრობთ სიტყვა “გენდერს“, ეს იყოს არა ქალი და კაცი, არამედ ის რაც არის გენდერი მთელს სამყაროში. თუკი ამაზე არ მიდიხართ და ვამბობთ, რომ სქესი არის ორი - აგერ პრემიერ-მინისტრიც ამბობს, რომ ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი, მაშინ ამ ნარატივს, რომ ჩვენ გვაქვს გენდერული კანონი და გენდერული საბჭო, სჯობს, საბჭოს სახელი გადავარქვათ და ქალისა და მამაკაცის საბჭო დავარქვათ და არა გენდერული საბჭო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.