პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ თუ ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს არ გადადგამდა, ის არ იქნებოდა იმ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გეგმების ნაწილი, რომელიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს. ამით ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში ნატოს სამიტზე მიწვეული არ იყო.
ასევე, როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნატოს სამხედრო მისიებში გარდაცვლილი ჯარისკაცების მიზანი საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყო, ამიტომ პრემიერ- მინისტრის სიტყვები, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებთან შეხვედრისას არ იცის, მათ რა უპასუხოს, სპეკულაციაა.
„ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციაზე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა სწორი აღარ არის. ამ ხელისუფლებისთვის არც პასუხის მოთხოვნაა სწორი. მაგალითად, მე პრემიერ-მინისტრს დავუსვი შეკითხვა, თუ რატომ არ იყო მიწვეული ვილნიუსის სამიტზე, მაგრამ პასუხი ისედაც გასაგებია. ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში გვაფრთხილებდნენ, რომ თუ საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს არ გაატარებდა, თუ ქვეყანაში ერთპარტიული, ოლიგარქიული მმართველობა იქნებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს აღარ განიხილავდნენ იმ ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გეგმაში, რომელიც ახლა ვილნიუსში ყალიბდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაბედა და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების სახელით, ვინც ნატოს მისიებში მონაწილეობდა, სპეკულირებდა. მან თქვა, რომ როდესაც გარდაცვლილების ოჯახებს ხვდება, არ იცის, რა უთხრას. მინდა ყველას გასაგებად ვთქვა, ამ ჯარისკაცების, დაღუპული გმირების ერთ-ერთი უდიდესი მიზანი ნატოში ინტეგრაცია იყო. მათი მიზანი იყო ისიც, რომ ქართული სამხედრო ძალები არა ჩამორჩენილი, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ყოფილიყო.
ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებით მიიღო, აუცილებლად შეფასდება, როგორც დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. საქართველო უკრაინას რამდენიმე წლით ჩამორჩა და სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, არავის უნდა ჰქონდეს ზედმეტი მოლოდინი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის ბიზნესსა და კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს, ხატია დეკანოიძის თქმით, „ივანიშვილის ყველა ფავორიტი ახლით ჩანაცვლდება, ხოლო ძველები, რომლებიც მის გულისწყრომას დაიმსახურებდნენ, სასამართლოში მივლენ“.
„მეორე საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი. დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ივანიშვილი საქართველოში ბიზნესს არ აწარმოებდა. როგორც რამდენიმე დღის წინ გაირკვა, მას ნამდვილად ჰქონია საქართველოსი ბიზნესი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე 800 მილიონი გამოიმუშავა. მხედველობაში მაქვს ბიტკოინების ბიზნესი, რომელსაც ივანიშვილი ძალიან დიდი ხანია მეთვალყურეობს. ნებისმიერი ფავორიტი, რომელიც ოლიგარქს ჰყავს, ახლით ჩანაცვლდება, ხოლო ძველები, რომლებიც მის გულისწყრომას დაიმსახურებდნენ, სასამართლოში მივლენ, როგორც ეს გიორგი ბაჩიაშვილს დაემართა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.