„თავდაცვის კოდექსზე“ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიცია ვთქვა. მე პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე „თავდაცვის კოდექსს“, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ ვუჭერ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ჯარში გაწვევის დღევანდელი სისტემა არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული.
„განვმარტავ რატომ - მარტივად გავაანალიზოთ რა ხდება. ჩვენი ქვეყნის გარშემო დუღს მთელი რეგიონი და ლამის მთელი სამყარო. უზარმაზარი გამოწვევებია, ყველა ჩვენი მეზობელი ერთმანეთს წაკიდებულია, დაპირისპირებულია. ჩვენს გარშემო არის ძალიან სერიოზული, ანგარიშგასაწევი სამხედრო მანქანები, რომელთან დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული არმიით, რომელიც ძალიან მცირერიცხოვანია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ჩვენი ზომის ქვეყანა, ისევე როგორც მაგალითად, ფინეთი ან ისრაელი, მზად იყოს იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გავლილი ჰქონდეს სამხედრო წვრთნა, მომზადება და იყოს სხვადასხვა სახის რეზერვში, ვინაიდან თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, სულ რამდენიმე საათი უნდა დასჭირდეს ქვეყანას, რომ იარაღის ქვეშ დააყენოს ყველა. ამ იდეას მე ვემხრობი. ასეთი შინაარსი აქვს თავდაცვის კოდექსს, რომელსაც ჩემი კოლეგების ნაწილი ძალიან უპირისპირდებიან, მაგრამ მე მხარს ვუჭერდი. დღევანდელი გაწვევის სისტემა არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული“,-განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ძირითადად, ნაკლებად მდიდარი და ნაკლებად გავლენიანი ოჯახის შვილები მიჰყავთ ჯარში.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ჯარში გაწვევა ჰქვია, თუმცა, სინამდვილეში ეს არის იაფი მუშახელი“.
„ეს არის შესაცვლელი და ამ ცვლილებას ვუჭერდი მხარს. ახლა რატომ არ ვუჭერ- ახალი კოდექსის მიხედვით, კარგი გაწვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ წელიწად ნახევრის მერე, როცა საფრთხეები დღესაც გვაქვს და სულ რამდენიმე თვეში შეგვიძლია ახლებური მოწვევა დავიწყოთ, მაგრამ კი ბატონო, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვითომ სხვა პრობლემები. ჩემთვის მთელი მავნებლობა არის იმაში, რომ თუ ახალი სისტემით გაწვევა უნდა დავიწყოთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, მაშინ ეს ცუდი გაწვევის სისტემა, ბავშვების წვალების, რაც ახლა გვაქვს, მათ იაფ მუშახელად გამოყენების სისტემა გავაჩეროთ მაშინ წელიწად ნახევარი და ახლებურად, სახელმწიფოს რომ სჭირდება, ისე დავიწყოთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. თქვენ ამას არ აკეთებთ, არ გინდათ დააპაუზოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.