პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავისი რისკები აქვს, სწორედ ამიტომ პარტნიორები იზღვევენ თავს და სანამ ეს გადაწყვეტილება კარზე არ იქნება მომდგარი, აფიშირება არ ხდება - დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ, როდესაც უსაფრთხოების ახალი კონცეფციის დალაგება მოხდება, ვიქნებით იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა ტექნიკურო ნაბიჯი გადადგმული აქვს და „ახლა ჯერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დგას”.
„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავისი რისკები აქვს, სწორედ ამიტომ პარტნიორები იზღვევენ თავს და სანამ ეს გადაწყვეტილება კარზე არ იქნება მომდგარი, აფიშირება არ ხდება. რისკებში ვგულისხმობთ იმას, რაც აგვისტოს ომის წინ მოხდა - როდესაც ჩვენი საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ მაპ-ი არ მოგვანიჭეს, რუსეთმა ეს სიგნალად მიიღო და შემოიჭრა საქართველოში. როდესაც პოლიტიკური უნარი ექნება, რომ ამ რისკზე წავიდეს და მიხვდება, რომ ეს უსაფრთხოებას როგორც ჩვენი ქვეყნისას, ისე რეგიონისას, არ დააზიანებს, ალბათ, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ამისთვის სულ უნდა ვემზადოთ, დღესაც მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ, როდესაც გეოპოლიტიკის გადალაგება და უსაფრთხოების ახალი კონცეფციის დალაგება მოხდება, ვიქნებით იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურაში მიიღებს მონაწილეობას”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დავითულიანი ფიქრობს, რომ როდესაც ომის გეოპოლიტიკური შედეგები შეჯამდება, თავის ბენეფიტს საქართველოც მიიღებს.
„საქართველოს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ დადგება დრო, როდესაც ნატო-ში გაწევრიანდება. საქართველო ამისთვის მზადაა და იმედია, ჩვენი პარტნიორებიც ნატო-დან მალე იქნებიან ამისთვის მზად. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ დროს, მანამდე კი შევინარჩუნოთ მშვიდობა. უკრაინა ომის პროცესშია და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად, უკრაინას ადრე თუ გვიან მიენიჭება ნატო-ს სტატუსი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამიტი. ვფიქრობ, რაღაც დაპირება გაცემული იქნება. ჩვენთან დაკავშირებით არის ჩანაწერი, რომ საქართველო ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. მას შემდეგ ყოველი სამიტი გვიდასტურებს ამ დაპირებას. დღეს უკრაინაა აქტუალური ნატო-სთვის და მთლიანად დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის, რადგან უკრაინაში ძალიან მძიმე ამბები ტრიალებს. შესაბამისად, უკრაინის საკითხი დღეს უფრო აქტუალურია. როდესაც უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მოხდება და ამ ომის გეოპოლიტიკური შედეგები შეჯამდება, დარწმუნებული ვარ, აქედან საქართველოც მიიღებს თავის ბენეფიტს”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.