პროკურორი - ლაზარე გრიგორიადისს ჰქონდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა, ეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად დასკვნით სიტყვაში უნდა შევაფასოთ

მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებულია მტკიცებულებებით, - ამის შესახებ პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების შესახებ.

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ისაუბრა ქიმიური ექსპერტის, ალექსანდრე დადიანიძის ჩვენებაზე, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე კვლევის შედეგად ნავთობპროდუქტის კვალია აღმოჩენილი.

„ექსპერტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არც ის გარემო შეუსწავლია, სადაც აღნიშნული ქურთუკით ბრალდებული გადაადგილდებოდა, არც ის შეუძლია დააკონკრეტოს, რა ნავთობპროდუქტი არის აღმოჩენილი, რადგანაც ნავთობრპოდუქტებია, როგორც ბენზინი, ისე ნავთი და სხვადასხვა საშუალება. თქვა, მხოლოდ ის, რომ კვლევის შედეგად დადასტურდა [ნავთობპროდუქტის არსებობა]. რა ვითარებაში აღმოჩნდა, ექსპერტს ამასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩაუტარებია. შესაბამისად, დაცვის მხარის კითხვებზე ლოგიკური პასუხი ჰქონდა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, ეს ადასტურებს, თუ არა იმას, რომ მას [ლაზარე გრიგორიადისს] ჰქონდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა, ლოგიკურია, რომ ეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შევაფასოთ დასკვნით სიტყვაში“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!