შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს - დაისვა კითხვები, რომელიც განსახილველ საკითხთან არაფერ კავშირშია, გთხოვთ, კოლეგებსაც ვცეთ პატივი, რომ დრო არ გავწელოთ - არ გამიჭირდება, რომ კითხვები შევწყვიტო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დღევანდელ რიგგარეშე სხდომას უძღვება, კითხვების დასმის შეწყვეტის თაობაზე შესახებ რეგლამენტით მინიჭებული უფლების გამოყენებას გეგმავს.

“თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ ისინი განხილვის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ, დრო გაჰყავთ, “თავადაც წვალობენ და სხვებსაც აწვალებენ“.

“კოლეგებო, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდება. დაისვა კითხვები, რომელიც განსახილველ საკითხთან არაფერ კავშირშია. საკითხები ტერმინოლოგიურ ცვლილებას ეხება და შინაარსში, არსში არაფერი იცვლება - უბრალოდ სავლეს დაერქვა პავლე და ეს არის მთელი ცვლილება. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ კოლეგებსაც ვცეთ პატივი იმ კუთხით, რომ დრო არ გავწელოთ. არ გამიჭირდება, რომ კითხვები შევწყვიტო - ამის აბსოლუტური უფლება მაქვს და შემიძლია კითხვები ნებისმიერ მომენტში შევწყვიტო.

არის ძირითადი კანონი. მასში რომ ჩაიწერება, რომ დღეის იქეთ ის რაც იყო შავი, ის არის თეთრი, სხვა კანონებში შედის ცვლილება “თეთრი“, “თეთრი“, “თეთრი“. იმ წინადადებაში, სადაც ადრე “შავი“ ეწერა და ახლა იწერება “თეთრი". ასევე წერია წითელი, ყვითელი, მწვანე, მაგრამ ცვლილება წითელს, ყვითელს და მწვანეს არ ეხება - ეხება მხოლოდ ერთ ფერს. თქვენ გინდათ, რომ სამყაროს ფერებზე ისაუბროთ, მაგრამ საკითხი სამყაროს ფერებს არ ეხება“, - მიმართა ოპოზიციას შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის მესამე რიგგარეშე სხდომა “თავდაცვის კოდექსისა“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვას ეთმობა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება და ჯერ მხოლოდ 19 პროექტია განხილული.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მეორე მოსმენით იხილავენ.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!