ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე - როცა ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან „მედია ზონდერს“, ეს მიანიშნებს, როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ - ეს ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს, საერთოდ ვერაფერს დაგვაკლებს

როდესაც კონკრეტული ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან „მედია ზონდერს“, ეს თავისთავად მიანიშნებს იმას, თუ როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს, სადაც ის ევროპარლამენტარებს ხვდება.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას წარსული მედიის თავისუფლების უხეშად ხელყოფას უკავშირდება.

„როდესაც კონკრეტული ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან „მედია ზონდერს“, ეს თავისთავად მიანიშნებს იმას, თუ როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლების უხეშად ხელყოფას, როდესაც „ტელეკომპანია იმედში“ სპეცრაზმით წინა ხელისუფლება შეიჭრა, ამის მთავარი შემფუთავი ნიკა გვარამია იყო. როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან და მანამდე კონკრეტული პრემიით აჯილდოებენ, ეს დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

ასევე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა და ამ დაკვეთის მთავარი არსი, მიზანი საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავება იყო, რაზეც იგივე ლექსმანმა კიდევ ერთხელ მიანიშნა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენ ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს, საერთოდ ვერაფერს დაგვაკლებს. ხელისუფლება მყარად დაიცავს ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესებს, მედიის თავისუფლებას და ყველა იმ ღირებულებას, რაც საქართველოში დამკვიდრდა 2012 წლიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვისი დაკვეთა შეასრულა, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიის“.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტარებს ხვდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა